ამბროლაურში ქართული ოცნების მიერ გამართულ ღონისძიებას ნიკორწმინდის ეპისკოპოსი მეუფე ვახტანგიც ესწრებოდა.
მისი განცხადებით, ეპარქია "პატივს მიაგებს" მთავრობას, ამიტომ ის, როგორც მღვდელმთავარი, "ვალდებული იყო" მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენას დასწრებოდა.
"პირადი მხარდაჭერა აქ არაფერ შუაშია. მე ვფიქრობ, რომ რახან მთავრობის წარმომადგენლობაა და ჩვენ პატივს მივაგებთ მთავრობას, ვალდებული ვარ, როგორც ამ ეპარქიის მღვდელმთავარი, ვიყო და გავეცნო, თუ ვინ შეიძლება იყოს დეპუტატი", - აცხადებს მეუფე ვახტანგი.
ოცნების პარტიულ ღონისძიებებსა და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე ადგილობრივი ეპარქიების წინამძღვრების დასწრება 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ტრადიციად იქცა.
მმართველი პარტიის ღონისძიებებსა და ცერემონიებს სხვადასხვა დროს დაესწრნენ: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი, ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი დიმიტრი, სამთავისისა და გორის ეპარქიის ეპისკოპოსი ანდრია, მროველ ურბნელი მიტროპოლიტი იობი და სხვები.